ავტორის შესახებ
მერაბ ნინიძე ( დ. 3 ნოემბერი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ ) – ქართველი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში „მონანიება“ (1984), „არსად აფრიკაში“ (2001) და სხვა.
1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, რის შემდეგაც – 1992 წლამდე – მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. საქართველოში მან 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა. 1992 წელს მერაბ ნინიძე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. 1995 წლიდან კი, ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში. 2001 წელს ითამაშა კაროლინა ლინკის ფილმში „არსად აფრიკაში“ გერმ. „Nirgendwo in Afrika“, რომელმაც 2003 წელს „ოსკარის“ 75-ე დაჯილოდოების ცერემონიაზე მოიპოვა ოსკარის პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. 2011 წლის აპრილში ლეჩეს ევროპულ კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა საუკეთესო ევროპელი მსახიობის პრიზი მიიღო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რობერტ ადრიან პეჟოს ფილმში „მკვლელი კამერა“ . პირველი ავსტრიული როლი 1996 წელს გორან რებიჩის „ჰუგოფილმში“ შეასრულა. მანამდე კი იყო: „Am Rande der Welt“ („ქვეყნის დასალიერს“).


