ავტორის შესახებ
რევაზ მარგიანი ( დ. 24 ნოემბერი, 1916, მულახი – გ. 1 ივნისი, 1984, თბილისი ) – მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი, 1979 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის წლებს ეკუთვნის ლექსების კრებული "მუმლი მუხასა" (1946). შემდგომ კრებულებში: "მხოლოდ ახალი" (1958), "მთანი მაღალნი" (1960), "ლილე" (1965), "გამოღვიძება"(1966), "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან" (1975) და სხვ., მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.). რ. მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა მრავალ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი. პოეტ აკაკი მარგიანის (ა. სვანი) შვილი.


