ციფრული ბიბლიოთეკა

ივანე (ივი) ყიფიანი

1893 - 1948

ავტორის შესახებ

ივანე (ივი) ყიფიანი ( დ. 1893 – გ. 1948 ) – მწერალი, პოეტი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილილოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911 წელს იყო ქუთაისის ქართული გიმნაზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა წრის წევრი. პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წრემ, ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეადგინა 1852-1910 წლებში გამოსული ქართული ჟურნალ-გაზეთების ბიბლიოგრაფია, რომელის შედგენაშიც ივი ყიფიანიც მონაწილეობდა (წიგნი დაისტამბა 1916 წელს და შეიძინა რუსეთის საიმპერატორო აკადემიამ). მისი ლექსი "სულის ძახილი" დაიბეჭდა გაზეთ "მეგობარში" (1915,№62, 13 დეკემბერი); ლექსები "სონეტი" (1916, თებერვალი), "ზამთარი" (1916 დეკემბერი) გამოქვეყნდა ჟურნალში "ცისფერი ყანწები" (რედაქტორი პაოლო იაშვილი). თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "მეგობარი", "სახალხო საქმე", "ტრიბუნა", "მეოცნებე ნიამორები"; მისი ლექსები იბეჭდებოდა კრებულებში: "ჩანგი" (1916), "ახალი პოეზიის ანთოლოგია" (1919). 1920 წელს იყო ჟურნალ "მშვილდოსანის" თანამშრომელი. 1920 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა გაზეთები: "Арлекин" და "Театр Арлекин". ივი ყიფიანის ფანტასტიკური ხასიათის რომანი "ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ', გამოქვეყნდა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" (1937, №6). იოსებ გრიშაშვილის სახლში დაცულ ამ რომანის ეგზემპლარში იოსებ გრიშაშვილის მიერ ჩადებულია კარლო მელაძის (1911-1938 დახვრიტეს) რეცენზია სათაურით: "სიბრძნე-სიცრუე ყიფიანისა". (1987 წელს ლიტერატორ გურამ გვერდწითელის და მწერალ გურამ ფანჯიკიძის ძალისხმევით რომანი ხელახლა გამოიცა). 1921 წლის 15 ოქტომბერს, გაზეთ "ტრიბუნის" №48 გამოქვეყნდა ივი ყიფიანის ლექსი "შევარდნებს (ანაზდეულათ)", იგი მიძღვნილი იყო საქართველოს ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების (1918-1923) წევრებისადმი. 2012 წელს გამოცემულ საქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარში ივი (ივანე ) ყიფიანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1893-1948 წლები.  მთარგმნელ თამარ ყიფიანის ძმა. "ცისფერყანწელი" პოეტი.