„„ქართული ანბანი – 33 ემოცია“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მხატვარმა ანთოლოგიისთვის საგანგებოდ შექმნა საზედაო ასოები, რომლებიც თითოეული ავტორის ნააზრევს ერთვის. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ. ანთოლოგია ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზით ერთგვარ თანამედროვე ანბანთქებას ქმნის. წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას. ანთოლოგიაში ავტორები სრულიად განსხვავებული რაკურსით და ემოციით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ანბანის, დამწერლობის სამივე სახეობის და მთლიანად ქართული ენის მიმართ. თითოეული ტექსტი ანბანის თითო ასო-ბგერაზე იწყება. ასე იკვრება 33 ქართველი თანამედროვე პოეტისა და მწერლის 33 ემოცია და ქმნის ერთგვარ თანამედროვე ანბანთქებას".