ანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მათ გარეშე ანტიკური ხანის იბერიის/ქართლის ისტორია მხოლოდ გვიანდელ ქართულ და თანადროულ ბერძნულ-რომაულ ნარატიულ წყაროებზე იქნებოდა დაფუძნებული, რაც მნიშვნელოვანი ასპექტების დაზუსტების საშუალებას საკმარისად არ იძლევა. დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი) ისტორიას დასავლურ-ქართული ისტორიული მეხსიერების დენონსაციის გამო, ფაქტობრივად სრულად ბერძნულ-რომაულ ნარატიულ, ეპიგრაფიკულ და ნუმიზმატიკურ წყაროებზეა დამოკიდებული. წინამდებარე მონოგრაფია მიზნად ისახავს, უკანასკნელი აღმოჩენების კვალდაკვალ, ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული წყაროების როგორც ახლებურ ინტერპრეტაციას, ისე რამდენიმე ახალი წარწერის შემოტანას სამეცნიერო მიმოქცევაში.