,,ეს კრებული დროშიც და თემატურადაც ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულ ტექსტებს და ავტორებს უყრის თავს. აქ ნახავთ ზუსტად 140 წლის წინ დაწერილ პამფლეტ მანიფესტსაც „შრომის მანიის“ წინააღმდეგ და რამდენიმე წლის წინანდელ, თანამედროვე აკადემიური გამოცემების ყველა სტანდარტის დაცვით შესრულებულ დეტალურ და მიკროსკოპულ გამოკვლევებსაც რუსეთის იმპერიის სამხრეთისკენ გაფართოებისა თუ ახლო აღმოსავლეთში რელიგიური თავისუფლების უფლების ისტორიაზე. აქვეა ფრაგმენტები ფილოსოფიური მონოგრაფიებიდან, რომლებიც თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების გააზრებას ისახავს მიზნად, და კრიტიკული ისტორიოგრაფიის ჟანრში დაწერილი უფრო პოპულარული წიგნებიდან, რომლებიც მსოფლიო ისტორიის ალტერნატიულ, არაკონვენციურ ამბავს მოგვითხრობს, თუმცა ამ ერთი შეხედვით ეკლექტიკურ მრავალფეროვნებას, ჩვენი რწმენით, მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს – ესაა თითოეული აქ წარმოდგენილი ტექსტის მისწრაფება და პოტენციალი, მკითხველს თანამედროვეობის განმსაზღვრელი განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად გატკეპნილი სიცხადეების მიმართ კრიტიკული დისტანცია შესთავაზოს, მათი გენეალოგიისა და ოპერირების წესის შესახებ კითხვების დასმისკენ უბიძგოს და ალტერნატიული, უკეთესი სამყაროს შესაძლებლობაზე დააფიქროს" – თამარ ცხადაძე, გიორგი ცინცაძე, მაია ბარქაია.