მითის ხსენებაზე ადამიანთა უმრავლესობას ანტიკური საბერძნეთი ახსენდება. თუმცა კაცობრიობის ისტორიაში არ უარსებია ხალხს და ეპოქას, რომელსაც თავისი მითები არ შეექმნა. ბევრგან მას ეფუძნებოდა ფილოსოფია და რელიგია, და თითქმის ყველგან მითებიდან საზრდოობდა ხელოვანთა შემოქმედებითი შთაგონება. მათი წყალობით მითოლოგიურმა პერსონაჟებმა ათასწლეულებს და საუკუნეებს გაუძლო და თანამედროვე კულტურის ნაწილი გახდა. მითები იბადებოდნენ გაცილებით ახლო წარსულშიც და ჩნდებიან ჩვენ თანამედროვეობაშიც. მითის ასეთ ფართო გაგებას ეფუძნება წინამდებარე კრებული. ის თავის თავში აერთიანებს 26 სტატიას, რომლებიც ეძღვნება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს – თეატრისა და ქორეოგრაფიის, კინოსა და მედიის, მუსიკის და არქიტექტურის, ქანდაკების და ფოტოგრაფიის კონკრეტულ საკითხებს.

