რუშდის ნაწარმოებებში არეული ირეალური და რეალური სამყარო, აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ავტობიოგრაფიული დეტალები, კულტურულ სამყაროთა ურთიერთდაპირისპირება მეტად საინტერესო სიურრეალისტურ სამყაროს ქმნის, რომელიც, მწერლისავე თქმით, სულაც არაა სინამდვილისგან შორს. სწორედ ასეთივე, მაგიური რეალიზმის მორიგი ნიმუშია რომანი „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – ამბავი ზღაპრული სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; მომავლის პერსპექტივიდან დანახული ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებში, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება.

