ნარკვევი ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს ხელახალი გაერთიანება და სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლა ათეული წლების მანძილზე ქართული ისტორიოგრაფიის ყურადღების ცენტრშია. საგანგებოდ შეისწავლება იმ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა ცხოვრება, რომლებიც თავდადებით ცდილობდნენ ქვეყნის მთლიანობის აღდგენას. მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს იმერეთის მეფეს სოლომონ პირველს, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სათავეში ედგა დასავლეთ საქართველოს პროგრესულ ძალებს და მიისწრაფოდა მათზე დაყრდნობით, დაეძლია ფეოდალური დაქუცმაცებულობა და ერთიანი დასავლურ-ქართული სამეფო აღედგინა. ამით შემზადდებოდა პირობები სრულიად საქართველოს გაერთიანებისათვის.

