გორის განვითარებაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტენსივობით გავლენას ახდენდა მის სიახლოვეს არსებული დასახლებული პუნქტები. მათგან უნდა გამოვარჩიოთ ოთხი, დღეისათვის უკვე ნაქალაქარები - უფლისციხე, ქვახვრელი, ატენი და ნაჭარმაგევი. თითოეულ მათგანს თავისი აღმავლობის, სიძლიერის და დაცემის პერიოდები ჰქონდა. ისინი გორთან ერთად ერთიან კომპლექსს შეადგენდა და მათი პარალელურად შესწავლა და განხილვა შედარებით სრულ წარმოდგენას შეგვიქმნის მე-12 - მე-15 საუკუნეთა შიდა ქართლის ისტორიის ამ რთულ პერიოდზე.

