უძველესი პერიოდიდან დღემდე სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტებს წარმოადგენს. სამყაროს ტექნოლოგიური განვითარების ფონზე სადაზვერვო საქმიანობის მასშტაბები გაზრდილია, რაც დაზვერვის ობიექტი სახელმწიფოს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახურებზე დამაზიანებელი ზეგავლენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. სადაზვერვო საქმიანობის დამაზიანებელი ზეგავლენის მასშტაბები განსაკუთრებით იმ ქვეყნებში ვლინდება, რომლებშიც სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სეგმენტები ჩამოშლილია, რაც უმეტეს შემთხვევაში სწორედ უცხო ქვეყნების სადაზვერვო აქტივობებით არის მიღწეული. შესაბამისად სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების დამცავი აპკის სადარაჯოზე, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახურების ოპერატიულ აგენტურული, პროპაგანდისტული საქმიანობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი საფრთხეები, როგორიცაა: ინფორმაციული ომის ფარგლებში დეზინფორმაციის გავრცელება; დაზვერვის ობიექტი სახელმწიფოს ხელისუფლების ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე კომპრომეტირება; სადაზვერვო ხასიათის ლობიზმით ქვეყნის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამაზიანებელი საკანონმდებლო და სხვა სახის გადაწყვეტილებების ორგანიზება და სხვა. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ავტორთა ჯგუფი შეეცადა მოემზადებინა აღნიშნული სახელმძღვანელო, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას საგანმანათლებლო სივრცეში სათანადო საზოგადოებრივი განწყობის მობილიზება და განხილული მოვლენების ირგვლივ ინტელექტუალური სრულყოფა წარმოადგენს.